ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ
ბოლოს როდის ისაუბრე იმისთვის, რომ გაგეგო და არა მოგეგო?!
მაშინ, როცა ირგვლივ ყველა სივრცე დებატების პოლიგონადაა ქცეული: სახლი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და განსაკუთრებით სოციალური ქსელები, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა საუბრის მთავარი ღირებულება - ერთმანეთის გაგება.
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - ამ სათქმელით, სააგენტო „სუპერმარკეტის“ დახმარებით, ახალი კამპანია დავიწყეთ, რომელიც ყოველდღიურ ურთიერთობებში ნაცნობ სიტუაციებს სხვა თვალით გვაჩვენებს. კამპანია მთავარი ვიდეორგოლით გავხსენით, სადაც ჩვეულებრივი საუბრები დებატების თამაშად იქცევა. დედა-შვილი, თანამშრომლები, მეგობრები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ყოველი არგუმენტი ქულაა. ყველას საკუთარი სიმართლის დამტკიცება სურს, საუბარი კი შეჯიბრს ემსგავსება.
ჩვენ გვჯერა გულწრფელი და პირდაპირი საუბრის ძალის - საუბრის, სადაც თავისუფლად ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ, თან მზად ვართ, სხვასაც მოვუსმინოთ. როგორც მობილური ოპერატორი, ადამიანებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რას ემსახურება ეს კავშირი. საუბრის შესაძლებლობა პირველი ნაბიჯია. ხოლო საუბარი ღირებული მაშინ ხდება, როცა ადამიანები ერთმანეთს საკუთარ აზრებს, გამოცდილებასა და განცდებს უზიარებენ და ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან.
ასე რომ, ამჯერად სასაუბრო წუთების ნაცვლად ლაპარაკის მთავარ მიზანს შეგახსენებთ - მოვისმინოთ, რა დგას სხვისი სიტყვების უკან, ვიკითხოთ ის, რაც ვერ გავიგეთ და საკუთარ სათქმელთან ერთად სხვისთვისაც დავტოვოთ ადგილი.
დედასთან, შვილთან, მეგობართან, თანამშრომელთან თუ სრულიად უცნობ ადამიანთან შემდეგი საუბრისას შეგვიძლია საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვათ: ახლა გაგებას ვცდილობ თუ მოგებას?
ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ 💜