„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია
სელფი მობაილმა, კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ თანამშრომლობით, ახალი კამპანია: „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ წარადგინა. კამპანიის მთავარი იდეაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ საუბრის რეალური ღირებულება ერთმანეთის მოსმენა და გაგებაა.
დღეს, როდესაც ყოველდღიური საუბრები, ხშირად, კამათსა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში გადაიზრდება, სელფი მობაილი ყურადღებას ამახვილებს გულწრფელი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. კამპანია ადამიანებს მოუწოდებს საუბარი არა შეჯიბრად, არამედ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და გაგების შესაძლებლობად აღიქვან.
კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი ყოველდღიურ, ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებს ასახავს, სადაც ჩვეულებრივი საუბრები დებატებად იქცევა. დედა-შვილი, მეგობრები და თანამშრომლები ერთმანეთს არგუმენტებით უპირისპირდებიან, თითოეული არგუმენტი კი ქულად ითვლება. ყველა საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ცდილობს, რის შედეგადაც საუბარი თავდაპირველ მიზანს - ერთმანეთის გაგებას კარგავს.
„როგორც ტელეკომ ოპერატორი, ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა, არამედ ისიც, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ამ კავშირს. ამ კამპანიით გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საუბრის მიზანი ყოველთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ არის. ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავიგოთ საპირისპირო მოსაზრება და მეტი სივრცე დავტოვოთ გულწრფელი დიალოგისთვის“, - აცხადებენ სელფი მობაილში.
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ კამპანია ადამიანებს მარტივ კითხვაზე დაფიქრებას სთავაზობს: ბოლოს როდის ვისაუბრეთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და არა მოგვეგო?