ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი 2 წლისაა „ვილაპარაკოთ“ - კომპანია ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა
სელფი მობაილს აპრილში არსებობის ორი წელი შეუსრულდა. სრულად ქართულმა ოპერატორმა ორი წლის შედეგები შეაჯამა და ბაზარზე ახალი საკომუნიკაციო პლატფორმითაც წარდგა.
ბრენდის გამოჩენიდან დღემდე, კომპანიამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. სელფი მობაილი გახდა ქვეყანაში პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც დანერგა საქართველოში 5G ქსელი. სელფი მობაილის 5G ჯერ სატესტო რეჟიმში გაეშვა 2023 წლის ნოემბერში, რასაც მალევე მოყვა ქსელის გამართვა ზამთრის კურორტებზე, დასავლეთ საქართველოში და თბილისში. 5G ქსელის დანერგვა ხორციელდება ფინური ტექნოლოგიური გიგანტის, Nokia-ს ინფრასტრუქტურით, რის თაობაზეც მოცულობითი ხელშეკრულება სელფიმ 2023 წლის ზაფხულში გააფორმა. 2024 წლის დეკემბერში, სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, Vodafone-ი სელფი მობაილს გაციფრულებაში, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საოპერაციო ეფექტურობის ზრდაში უჭერს მხარს.
თანამშრომლობის ფარგლებში სელფი მობაილმა უკვე წელს დანერგა Vodafone-ის ლოიალობის პლატფორმა, რომლის ადაპტაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე. პლატფორმა აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და სხვა.
ლოიალობის პროგრამა სელფი მობაილის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილია, რომელიც ამიერიდან კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმატია. ვილაპარაკოთ - მოუწოდებს სელფი მომხმარებელს და ჰპირდება მასზე კიდევ უფრო მორგებულ შეთავაზებებსა და პროდუქტებს, ახლობლებთან, მეგობრებთან თუ, ზოგადად, ადამიანებთან მეტი კომუნიკაციისთვის.